ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაცია დააკვირდება. 2020 წლის 31 ოქტომბრისგან განსხვავებით, როცა პანდემიის გამო საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ძირითადი ნაწილი ვერ ჩამოვიდა, ევროპარლამენტი ახლა საქართველოში დეპუტატების ჯგუფს გამოაგზავნის.
ამის შესახებ "მთავარ არხთან" ინტერვიუში, ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა განაცხადა.
მანამდე კი ევროპარლამენტარი ოპოზიციას და "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობა დაიწყოს.
ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირის თავმჯდომარე დათანხმდა, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია იქნება გაგზავნილი საქართველოში. ეს ჯერჯერობით წინასწარი შეთანხმებაა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
როგორც მართლმსაჯულების, ასევე, საარჩევნო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესენია საკვანძო პუნქტები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები გატარდეს არამხოლოდ, მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. შარლ მიშელის დოკუმენტში შეთანხმებაზე მეტად, მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ჩაწვდნენ დოკუმენტის სულისკვეთებას, ეს ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია არ უნდა ხდებოდეს, რაც უკვე შეინიშნება. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიები და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მხარეებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ", - თქვა კალიურანდმა "მთავართან" ინტერვიუში.
ცნობისთის, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ აკვირდებოდა.