ელჩებს ვთხოვ, დაადასტურონ, რომ უგულავას, რურუას და ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხი არ განხილულა - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

იმ პირების გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს საზოგადოებისთვის მიუღებელია - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს პირები უმძიმეს დანაშაულებებში არიან ბრალდებული და ოპოზიცია მხოლოდ საკითხით სპეკულირებს. 

რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, პოლიტდევნილებად წარმოაჩინონ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა, სრულიად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც კარგად არის გაცნობიერებული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულსა და აწმყოში, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია სარგებლობს, რომ შეხვედრა, სადაც შეთანხმება შედგა, დახურული იყო. თალაკვაძე მოუწოდებს იმ დიპლომატებს, რომლებიც მოდერატორებად იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრებზე, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ოპოზიციის პატიმარი ლიდერების გათავისუფლების საკითხი არ განხილულა.  

ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო; აგრეთვე იმით სარგებლობს, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებენ სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები.

შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო, საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარსს.

კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემისა და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება, - განაცხადა თალაკვაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი