არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობს. სასტუმრო "იოტაში" იმყოფებიან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ლიდერები და პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
საარჩევნო კოდექსი შესული ცვლილებები უკვე გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და პოლიტიკური ბლოკების შექმნის საკითხი.
არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, ალტერნატიულ პროექტზე იმუშაოს.
"ჩანს, რომ თითქოს, ცესკოს თავმჯდომარეს მოადგილე ოპოზიციიდან ეყოლება თუ არ ეყოლება ეს ყოფილა მთავარი საკითხი, რაც ასე არ არის. გაყალბების არანაირი პრევენციის მექანიზმები ჩადებული იმ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიაშია წარდგენილი არ არის და პრაქტიკულად იგივე სისტემა ნარჩუნდება... ჩვენ ბუნებრივია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენ წინადადებებს გავუგზავნით ვენეციის კომისიას და დავდებთ ჩვენ ალტერანიტიულ პროექტს",- თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
"ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხოლოდ საპარლამენტო პარტიებს ესაუბრება
"პირველი შემთხვევაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მხოლოდ ე.წ. საპარლამენტო პარტიებს ესაუბრება... იმედი მაქვს, რომ ე,წ, ხელმომწერი პარტიები ხმამაღლა გაახმოვანებენ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს გააძვრინოს ვითომ რეფორმის საფარ ქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ განცხადებები, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია დოკუმენტზე შეთანხმდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"აკრძალული არის საარჩევნო ბლოკები, რაც ბუნებრივია ხელს უშლის ოპოზიციას გაერთიანებაში. ჩატრდება ადგილობრივი არჩევნები 50%-იანი ბარიერის გარეშე მაჟორიტარული ოლქები, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ "ქართულ ოცნებას" გაცხადებული აქვს, რომ ჯიბეში უნდა ჩაიდოს მაჟორიტარული კვოტები. სრულიად უტიფარი განცხადებები კეთდება ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, არ ვიცოდი თუ მთელი საქართველოს ოპოზიცია იყო "ლელო" და "გირჩი", რომელთაც საერთო ჯამში 6% აქვთ აღებული",- თქვა კახა კუკავამ.
საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გუშინ გადაეგზავნა.
საარჩევნო რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და "ქართული ოცნება" სწორედ 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში მუშაობდნენ.