საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვენეციის კომისიაში საარჩევნო რეფორმის პროექტი და თუ რომელიმე ოპოზიციონერს სურდა, რომ კოდექსში შესატან ცვლილებებზე ემუშავა, ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ.
"ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობა" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ოპოზიციასთან შევჯერდით ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა. ჩვენ ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ დაჩქარებული ტემპებით მოხდეს დასკვნის გამოგზავნა, რომ მეორე მოსმენა 6-7 ივნისისთვის დავიწყოთ და ეს საკითხი ბოლომდე მივიდეს",-თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ შემუშავებული ჩარჩო-დოკუმეტი უხარვეზოა და ახალ საარჩევნო დოკუმუნტში კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.
"კანონპროექტი, რომელიც არის შეჯერებული, ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლებოდა არსებულიყო მანამდე მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ყველაფერზე არის წერტილი დასმული. პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვექნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც საარჩევნო პროცესში ჩართულ ნებისმიერ სუბიექტს ექნება განცდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი აღარ იარსებებს",- თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გუშინ გადაეგზავნა.