დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საპატრიარქოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე წვდომა არ აქვს. იმნაძის განცხადებით, აღნიშნულ მონაცემებზე თვითონაც არ აქვს წვდომა.
"ეტყობა ეს იმიტომ იყო ნათქვამი, რომ ასე ვთქვათ, მატყუარები არ ყოფილიყვნენ და არ ეთქვათ რომ არ ვარო. არა, ნამდვილად არ აქვთ წვდომა, წვდომა არის ძალიან კონფიდენციალური, მინდა გითხრათ, რომ მეც კი არ მაქვს წვდომა. მე როდესაც მჭირდება ინფორმაციები ხოლმე უნდა ვთხოვო იმათ ვისაც წვდომა აქვს, გვარები და სახელები სადაც ჩანს იმ ბაზაზე, დამერწმუნეთ მეც კი არ მაქვს წვდომა. ძალიან ცოტა ადამიანია ჩვენთანაც კი, სპეციალური დაშვებით, ვისაც, ამ ბაზებთან წვდომა აქვს", - თქვა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ კოვიდგადატანილი ჟურნალისტები დაუშვეს. შესვლისას მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები შეუმოწმეს.
კითხვაზე, თუ საიდან იცოდნენ გადატანილი ჰქონდათ თუ არა კონკრეტულ ჟურნალისტებს კორონავირუსი, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე წვდომა აქვთ.
დამაზუსტებელი კითხვების დასმის შემდეგ ჯაღმაიძემ თქვა, რომ "ისეთ რამეს ეკითხებოდნენ, რაშიც თავად კომპეტენტური არ იყო".