გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშში, მოხვდა ირაკლი ოქრუაშვილის ნიკა მელიას, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებიც. ორგანიზაცია წერს, რომ 4 საქმეში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივაცია.
"2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ აღძრა რამდენიმე საქმე ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც, ბევრი დამკვირვებლის ვარაუდით, პოლიტიკურად მოტივირებულია. 2020 წელს სათაურებში დომინირებდა 4 შემთხვევა, მათ შორის იყვნენ, ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციური პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ნიკა მელია ყოფილი მმართველი პარტიიდან "ნაციონალური მოძრაობიდან". გიორგი რურუა "მთავარი არხის" დამფუძნებელი და 2019 წლის ივნისის პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ოთხივე საქმე განიხილებოდა სამართლებრივი ხარვეზებითა და დარღვევებით", - წერს ორგანიზაცია.
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ანგარიშის შეფასებისას ამბობს, რომ ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საუბარია შერჩევით სამართალზე.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სამართლებრივი პროცედურები წარიმართა ამ პირების წინააღმდეგ კანონმდებლობის მოთხოვნილებათა დარღვევით, ასევე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარია, შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენებაზე, როდესაც ხელისუფლება ერთის მხრივ არაფერს არა აკეთებს დამნაშავე სპეცრაზმელების წინააღმდეგ, სამართლებრივი ზომების თვალსაზრისით. ხოლო მეორეს მხრივ, იგივე საქმეზე პოლიტიკური მოტივაციით დევნის დემონსტრანტებს", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2021 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი შემცირებულია. აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს 100-დან მხოლოდ, 36.31% აქვს, მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 1,2%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება 7-ქულიან სკალას, ქართული დემოკრატია 3,18 ქულითაა შეფასებული. საქართველო მოხსენიებულია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნად. არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. Freedom House-ის შეფასებით საარჩევნო პროცესის ქულა 3.25-დან 3.0-მდე შემცირდა.
იხილეთ ასევე: