სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას, რომ ნიკა გვარამიას პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის თეა წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, იურისტები აფასებენ და ამბობენ, რომ ლონდა თოლორაიას უწყება უფრო გამბედავი უნდა ყოფილიყო.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საპარლამენტო სესიაზე გაკეთებული განცხადებები და ამ დროს მოხდა კონკრეტული ნომრის გასაჯაროება, ამ ფორმატში ამ ნომერის გასაჯაროება შეიცავდა საფრთხეებს და ტოვებდა განცდას, რომ რეალურად იმ პირის მიზანი, ვინც ინფორმაცია გაამჟღავნა, კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას დისკრედიტაცია იყო...სახელმწიფო ინსპექტორი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო გამბედავი და გაეკეთებინა განმარტებები, რომ კონკრეტული ნომრის გასაჯაროება არ ჯდება პოლიტიკური დებატების ფარგლებში",- თქვა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ" ედუარდ მარიკაშვილმა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ყურადღებას ნიკა გვარამიას მიმართ დისკრედიტაციის მცდელობასა და ძალადობის წახალისებაზე ამახვილებს.
"ხელისუფლების წარმომადგენელმა დეპუტატმა ცუდად ისარგებლა ამ უფლებით, მისთვის მინიჭებული გარანტიებით და შესაბამისად დაარღვია ერთი კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები. ფაქტობრივად ეს იყო მოწოდება იმისკენ, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ მოსწონს ნიკა გვარამიას საქმიანობა, დაერეკა მისთვის და შეურაცხყოფა მიეყენებინათ",- თქვა ნიკა სიმონიშვილმა.
ამავე თემაზე: