ივანიშვილი მძიმე პოლიტიკურ ხვედრს მიიღებს - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით აიღო, საერთაშორისო თანამეგობრობისგან უმძიმეს გზავნილებს მიიღებს.
ბოკერიას განცხადებით, ჯერ კიდევ აქვს "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს დრო, გონს მოეგოს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
ივანიშვილს მოვუწოდებ, დროზე მოეგოს გონს. ცოტა დრო კიდევ არის დარჩენილი. იქამდე ის პირობა უნდა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს.
თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ საზოგადოებასთან ერთად, ყველა სტრატეგიული პარტნიორისგან, უმძიმეს დარტყმას მიიღებს. ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე და მძიმე პოლიტიკურ ხვედრს უქადის პირადად მას, - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, დღეს მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მათი თქმით, მსგავსი შეთანხმება 8 მარტს არ მომხდარა. არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ იმ ელჩებს მიმართეს, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და მათი სიტყვების ოფიციალურად დადასტურება სთხოვეს.