ოპონენტების დევნა პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური გავლენა მართლმსაჯულების სისტემაში, დარღვევები და მოსყიდვა არჩევნებზე, ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა და რამაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების რეგრესი აჩვენა.
2020 წლისგან განსხვავებით ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსი 2.1%-ით გაუარესდა. საქართველო კი გარდამავალი, ან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნად არის მოხსენიებული.
ცალკეა გამოყოფილი ის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერებისა და მთავარი არხის დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოიყენა.
ანგარიშში ცალკე პუნქტად მოხვდა ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე - ამ კონტექსტში მკვლევარებმა მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები სწორედ მასმედიაზე ზეწოლის მცდელობად შეაფასეს.
ოპოზიციაში თვლიან, რომ კრიტიკული შინაარსის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს გზავნილი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ჩიხშია შესული და საქართველოს იმიჯი დღითი დღე ზიანდება.
მმართველი გუნდი კი დემოკრატიული განვითარების რეგრესს ოპოზიციასთან ერთად პანდემიას აბრალებს და რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია.