
"ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის მცდელობას, რომ 8 მარტის შეთანხმების შესაძლო ჩაშლა ოპოზიციას დააბრალოს.
მისი თქმით, ძალიან შეურაცხმყოფელია, რომ ხელისუფლება მიმართავს თაღლითურ მცდელობას, რათა გაექცეს პასუხისმგებლობას.
სამწუხაროდ, საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა ეს პოლიტიკური ძალა. მე მგონია, რომ ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობ, რადგან ეს საერთაშორისო თაღლითობა უკვე არის ის სტილი, რომელზეც ძალიან ნათლად მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ - ეპისტოლარულად, ზეპირად თუ ასე შემდეგ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე, და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ თაღლითების ერი, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.