
ეს არის ხაფანგი, რომელშიც ოპოზიცია შევიდა - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი განცხადებებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.
ხუხაშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრების თემა იყო მეორე რანგის საკითხი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან დაიბადა. შესაბამისად, მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ არ უნდა მისცეს მმართველ გუნდს საშუალება, რომ ამ საკითხზე აპელირებით საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მიღებული შეთანხმება ჩაშალოს.
მისი აზრით, ხელისუფლება ახლა სწორედ იმას ცდილობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და შეთანხმებაზე უარი ოპოზიციას ათქმევინოს.
ეს არის ძველი თამაში ძალაუფლებისთვის რეპუტაციის ხარჯზე და ეს არის სამწუხარო, ეს არ არის პირველი სერია. ახლა ხელისუფლებას აქვს პრაგმატული მიზანი, გამოიყენოს პოლიტპატიმრების თემა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები.
რეალურად პოლიტპატიმრების თემა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც საკონსტიტუციო ცვლილებები და უნდა რომ ეს გააკეთოს ოპოზიციის ხელით, უნდათ, რომ ეს ათქმევინონ ოპოზიციას. კობახიძე და თალაკვაძე არანაირი პოლიტიკური ფიგურები არ არიან .
თალაკვაძის და კობახიძის რეპუტაცია ისედაც პლინტუსს ქვემოთაა. შეიძლება ივანიშვილთან შეუთანხმებლად მათ რაღაცეები იბოდიალეს კიდეც, - ამბობს ხუხაშვილი გადაცემა "დღის სტუმარი"-ში საუბრისას.