იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 7 საათიანი მსჯელობის შემდეგ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
პროექტისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ, თუმცა მათ ხმა არც კანონპროექტის წინააღმდეგ მიუციათ.
პროექტი დღე საფინანსო - საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის გაერთიანებულმა კომიტეტებმაც განიხილეს.
მომავალ კვირას პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და როგორც მმართველ გუნდში და ოპოზიციაში აცხადებენ, მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებას დაელოდებიან.
კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსში“ არაერთი ცვლილება ხორციელდება.
- არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს.
- იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესიც. ცესკო-ს 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული წევრი ეყოლება.
- ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება 2 მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციის მიერ იქნება შერჩეული.
- იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3- ით მიიღებს.
- საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობაშიც - თითოეულ შემთხვევაში წევრთა რაოდენობა ცესკოს მსგავსად აქაც 17-ია - 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული.
- კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება.
- იზრდება საჩივრის შეტანის ვადებიც და საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
- ცესკოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო-ს მდივანს არ ექნებათ უფლება საჩივარი განუხილველად დატოვონ.
საარჩევნო რეფორმის გატარებას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.