"ნაციონალური მოძრაობის" კონსულტაციები თელავში დასრულებულია. კახეთში დღეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ჩავიდა და თანაგუნდელებს შეხვდა.
განხილვის მთავარი თემაა, უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში.
ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ ახლა მოცემულობა შეიცვალა და პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს.
მათივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტის ბერკეტი ახალა აღარ არსებობს, რადგან ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა.
"ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ მოცემულობაში "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში. იმიტომ, რომ როდესაც პარტიამ უარი თქვა, პარლამენტში შესვლაზე, მაშინ არც სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები შედიოდნენ პარლამენტში და "ოცნება" რჩებოდა მარტო. ახლა გამოდის, რომ ჩვენ ვრჩებით გარეთ მარტო და ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა პარტიისთვის. ახლა "ქართული ოცნების" ინტერესებში არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ შევიდეს პარლამენტში", - ამბობს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტეტერაშვილი.
მათივე თქმით, ახლა მმართველ გუნდთან ოპონირების ერთადერთი სივრცე საკანონმდებლო ორგანოა და ეს ბერკეტი პარტიამ უნდა გამოიყენოს.
ნიკა მელიასთან ერთად, თელავში პარტიის სხვა ლიდერებიც იმყოფებოდნენ. ენმ-მ რეგიონების შემოვლა დღეიდან დაიწყო. ხვალ პარტიის წევრები უკვე სხვა ქალაქში ჩავლენ.