ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მხრიდან დადებული 8 მარტის შეთანხმება შესაძლოა ვერ შესრულდეს. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარი უთხრა და ამით შეთანხმების მეორე პუნქტი დაარღვია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის შეცვლის მნიშვნელობაზე საუბრობენ და მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილებაა.
შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება არ შესრულდეს და მოთხოვნები, რასაც ისინი აყენებენ... ერთი მოთხოვნა ერთი მხრისთვის არის მიუღებელი, მეორე მხარე არ ეთანხმება ამ დამოკიდებულებას. ერთი რამ ფაქტია, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის საარჩევნო სისტემის ცვლილება და მე ვფიქრობ, რომ პირველი და ამოსავალი საკითხი ეს უნდა იყოს.
ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს არა იმ სისტემით, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში და რომელიც აბსოლუტურად არასამართლიანი საარჩენო სისტემაა, არამედ იმ სისტემით, რაზეც მიღწეულია თუნდაც ახლა უკვე შეთანხმება და საჭიროა ამისი გაფორმება სამართლებრივ დონეზე, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციაში, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
8 მარტის შეთანხმება ჩავარდნასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის. მმართელი გუნდის წევრების განმარტებით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს და შესაბამისად, ვერც მათ გათავისუფლებაზე იქნება საუბარი.
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი კი აცხადებს, რომ თავის დროზე, ხელი არ მოაწერა შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა. ინაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო პასუხიმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმების ორივე პუნქტზე.