ლუკაშენკოს დავალებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად, მინსკში თვითმფრინავი დასვეს

გამოქვეყნდა:

მინსკის აეროპორტში ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩის დააკავეს. მას ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობას ედავება. ოპოზიციურად განწყობილი არხის The Nexta media network-ის ყოფილი რედაქტორი ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავი მოულოდნელად მინსკში დაჯდა. როგორც ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, ლუკაშენკოს რეჟიმმა ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტი დაეკავებინათ.

ასეც მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე ბომბის არსებობის ცნობის გამო დაჯდა. მინსკში ბომბი ვერ იპოვნეს, თუმცა მგზავრთა შემწმებისას რამან პრატასევიჩი დააკავეს.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის განკარგულება პირადად პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გასცა. მისი დავალებით, სამგზავრო თვითმფრინავის ჰაერში დაჰყვებოდა გამანადგურებელი MiG-29. "ბელტა" ამას, თვითმფრინავში ბომბის შესაძლო არსებობით ხსნის.

გარდა ამისა, Flightradar124-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავი მინსკისკენ შემობრუნებისას ლიეტუვას საზღვართან იმყოფებოდა და ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ბელარუსის დედაქალაქთან.

26 წლის რამან პრატასევიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველმა, "ნეხტამ" გაავრცელა,  რასაც მალევე მოჰყვა საერთაშორისო რეაქცია:

"დღეიდან ვერავინ, ვინც ბელარუსის თავზე გადაიფრენს, ვეღარ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. საჭიროა საერთაშორისო რეაქცია... რეჟიმმა Ryanair აიძულა თვითმფრინავი მინსკიში დაესვა, რათა დაეპატიმრებინა ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი. მას ბელარუსიში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ჩვენ ვითხოვთ, რამანის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ უნდა გამოიძიოს ინცინდენტი და შესაბამისი სანქციები დაწესდეს ბელარუსის წინააღმდეგ", - წერს ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვკაია.

"ძალიან შეშფოთებული ვარ, მინკში Ryanair-ის ფრენის იძულებითი დაშვების გამო. მოვუწოდებთ ბელარუსის მთავრობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თვითმფინავის ყველა მგზავრი. აუცილებელია, ინცინდენტის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოძიება", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

უბრალოდ აღმოჩნდა, რომ პრატასევიჩი მინსკის აეროპორტში დააკავეს. ბელარუსის დროებითი სპეცსამსახურების მთელი ეს დაუფიქრებელი და უკანონო "ოპერაცია" იმსახურებს მკაცრ რეაგირებას და არამხოლოდ დაგმობას. არ შეიძლება საჰაერო სივრცის კრიმინალების მიერ კონტროლირება", - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

"უპრეცენდენტო მოვლენა! ვილნიუსისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დაეშვა მინსკში. ბელარუსის პოლიტიკური აქტივისტი და "ნეხტას" დამფუძნებელი თვითმფრინავში იმყოფებოდა. ის დააკავეს. ბელარუსის რეჟიმი დგას ამ საზიზღარი ქმედების უკან. მოვითხოვ რამან პრატასევიჩის სასწრაფოდ გათავისუფლებას", - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.

"ლუკაშენკო გახდა საფრთხე არამხოლოდ მისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც. მისი სახელმწიფოს ტერორისტული ქმედება დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეგირებას მოითხოვს ევროპის ყველა მთავრობისა და ინსტიტუტისგან", - წერს პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი.

"აბსოლუტურად მიუღებელია Ryanair-ის თვითმფირინავის, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, ძალდატანებით მისკში დასმა. ყველა მგზავრს უნდა შეეძლოს დაუყოვნებლივ ვილნიუსში წასვლა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი უფლებები. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესების ნებისმიერ დარღვევას უნდა მოჰყვეს შედეგები", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

"ახლოდან ვადევნებთ თვალს დღევანდელ მოვლენებს... ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ყველა მგზავრისა და თითმფრინავის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის მთავრობას ვაკისრებთ. ყველა მგზავრს უნდა შეეძლოს დაუყოვნებლივ გააგრძელოს მოგზაურობა", - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი.

ინცინდენტს ასევე გამოეხმაურა, გერმანიის, ავსტრიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, საგარეო საქმეთა სამინისტროები. 

რამან პრატასევიჩი Telegram არხის "თავის ტვინის ბელარუსის" ხელმძღვანელია. მანამდე ის "ნეხტას" მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა. აშუქებდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს. "ნეხტა" ბელარუსში ექსტრემისტულადაა მიჩნეული. ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, მას, ტერორიზმის და ექსტრემიზმის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ბელარუსში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებით, პრატასევიჩს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ცნობილი ხდება, რომ ამ წუთებში თვითმფირნავი მინსკიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავს.

"თვითმფრინავი აფრინდა. მგზავრთა უმეტესობა ბორტზე იმყოფება. ის ვილნიუსში 20 წუთში იქნება. იძულებითი დაშვება, ჟურნალისტის მოტაცება და 100-ზე მეტი მგზავრის მძევლად აყვანა მძაფრი დანაშაული იყო საერთაშორისო საზოგადოების და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ის დაუსჯელი არ დარჩება", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი