გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს - ანა ბუჩუკური

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ 2020 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, გახარიას "საამნისტიო არაფერი სჭირს". ბუჩუკურის თქმით, გახარიას გუნდმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას კონსესუსი შესთავაზა, იმისთვის, რომ შარლ მიშელის მიერ წარდგენილი საბოლოო დოკუმენტი შესრულებულად ჩაითვალოს.

კერძოდ, ბუჩუკურის თქმით, უმრავლესობამ უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის პოზიცია და ამნისტია არ გაავრცელოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, სანაცვლოდ კი, ოპოზიციამ დათმოს და დათანხმდეს, რომ ამნისტია წინაპირობების გარეშე ყველა პოლიციელზე გავრცელდეს. 

​"თუ საჭირო გახდა, ბევრჯერ გავიმეორებ გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს. ჩვენ ორივე მხარეს კონსესუსი შევთავაზეთ იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს. კერძოდ, შევთავაზეთ, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ანუ იმ პირებზე რომლებსაც ეს თანამდებობა ეკავათ 2019 წლის 20 ივნისს და ამის სანაცვლოდ, ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე ყოველგვარი მოთხოვნების და წინაპირობების გარეშე",-თქვა ანა ბუჩუკურმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისთვის, ამნისტიის კანონპროექტის მმართველი გუნდის ვერსია მიუღებელია. როგორც "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ის არ შეესაბამება საქართველოს მიერ ნაკისრ შიდა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

"ეს კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, არის სრულად შეუსაბამო საქართველოს მიერ ნაკისრ შიდა და საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სამართლის კუთხით",-თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ისინი ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დარეგისტრირებული ამნისტიის კანონპროექტი საფრთხეა და ამით მმართველი გუნდი 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის 2 ვერსიის განხილვა დაიწყო. დღეს, 24 მაისს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის მმართველი გუნდის ვერსიას განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი