"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს განაგრძობს. კახეთის შემდეგ პარტიის წევრები რუსთავის რაიონულ ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ.
"ძალიან მიხარია, რომ რუსთავში დამხვდა არაჩვეულებრივი განწყობა და გამარჯვების რწმენა, რომელიც ხელშესახებია. როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება და რწმენა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადაიზრდება, ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ რუსთავში, არა მხოლოდ თელავში, არა მხოლოდ გორში არამედ მთელ საქართველოში", - თქვა ნიკა მელიამ.
მელიას განცხადებით, გაუგებარია რატომ უნდა ეგონოს ვინმეს, რომ ხელისუფლებაში მუდმივად დარჩება.
"იწურება მათი დრო, ახლა მთავარია ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ გამონახოს საერთო ენა, საჭირო დონეზე მაღალი კოორდინაციის ფარგლებში მოვახერხოთ მართლაც მნიშვნელოვანი ბრძოლის გაჩაღება კარს მომდგარ არჩევნებზე ოქტომბრის თვეში", - თქვა მან.
"ნაციონალური მოძრაობა" დღეს შიდა ქართლშიც ჩავა.