
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების გზავნილს გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, ელჩების მიერ გავრცელებულმა გზავნილმა ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მოუსპო. მისი განმარტებით, ხელისუფლებამ უცხოელ პარტნიორების კითხვით მიმართა, იყო თუ არა შესაძლებელი პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში, რაზეც მკაფიო და გასაგები პასუხი მიიღეს. კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი ჯანსაღ საზოგადოებაში საკამათოც კი არ უნდა ყოფილიყო.
ჩვენ დავსვით კითხვა - შევთანხმდით თუ არა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას უნდა განეხორციელებინა პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში. ამაზე მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი - მეორე შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა კი არ ყოფილა, არამედ ეს ყოფილა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია. აქ ყველაფერი მარტივია, რომ შეთანხმება ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა.
ბუნებრივია, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მართალი აღმოჩნდა, ვერავითარ შემთხვევაში, მოლაპარაკების და მით უმეტეს შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა რომელიმე სასამართლოს საქმეში მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ჩარევა. ისეთ რამეზე ვდაობთ და ვკამათობთ, რაც არ შეიძლება ჯანსაღ საზოგადოებაში საკამათო იყოს. თუმცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ ესეც მოახერხა, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.