ჯანეზაშვილი პროტესტის ნიშნად უზენაესის კანდიდატურების შერჩევის პროცესს გამოეთიშა

გამოქვეყნდა:

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოვეთიშო და აღარ მივიღო მონაწილეობა, უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესში" - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. მისივე ინფორმაციით, უზენაესის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაჩქარდა, რადგან ბოლო 4-მა პირმა კანდიდატურა მოხსნა, შესაბამისად, კონკურსი შეფასების ეტაპზე გადავიდა.

"პროტესტის ნიშნად უარს ვაცხადებ პროცესში მონაწილეობაზე. ვფიქრობ ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც ხდება ფაქტობრივად საბოლოოდ დაკომპლექტება უზენაესი სასამართლოსი, რადგან ის შედგება 28 მოსამართლისგან და 2019 წელს დიდი ნაწილი მოსამართლეების საქართველოს პარლამენტმა უკვე აირჩია. 

მე როგორც ერთი წევრი, ვერ მივიღებ იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყანას ფაქტობრივად უწყევტს იმედს, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს კვალიფიცური და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით", - თქვა ჯანეზაშვილმა. 

ჯანეზაშვილის განცხადებით არც საბჭომ და არც პარლამენტმა არაფერი გააკეთა პროცესის შესაჩერებლად, 4 კანდიდატის მოულოდნელად კონკურსიდან გამოთიშვა კი საკმაოდ უცნაურია.

"მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ უნდა დაპაუზდეს უზენაესის სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი, ეს ასე არ მომხდარა. 19 აპრილის შემდეგ გასაუბრება ჩატარდა რამდენიმე კანდიდატთან და უფრო მეტიც, დღეიდან იუსტიციის საბჭო გადავიდა კონკურსის შემდგომ ეტაპზე და ამ ეტაპს ჰქვია კანდიდატების შეფასება, წერილობითი შეფასება მომზადდება ინდივიდუალურად ყველა კანდიდატზე, ეს პროცესი დააჩქარა იმ გარემოებამ, რომ უკანასკნელ დღეებში რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ზედიზედ 4-მა კანდიდატმა გასაუბრებაზე უარი თქვა. ეს კანდიდატების მხრიდან არის საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აპირებს გაჩერებას და არც პარლამენტი აკეთებს რამეს ამასთან მიმართებაში", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

კელი დგენანმა და კარლ ჰარცელმა 22 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ისინი მმართველ გუნდს აფრთხილებენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე არ განახორციელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას. კონფერენციის შეჩერების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი