დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ შესაბამისი კომიტეტის სხდომას დაესწრონ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებიც.
"დღეს ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს, ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, რომ შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება როგორც ქალბატონი ნათია თურნავა, ასევე, გარემოს დაცვის მინისტრი და შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მართავენ პროტესტს უკვე მრავალი დღეა ამ თემასთან დაკავშირებით. შეკითხვები არსებობს, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ეს არის მათი ვალდებულება და საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა მე მეჩვენება, რომ არის ყველაზე სწორი ფორუმი მსგავსი განხილვისთვის", - ამბობს სამადაშვილი.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა.