ტურისტების, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში ბლოკირება მიუღებელია - თურნავა ნამახვანის აქციაზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ხელისუფლება საქმიანი დიალოგისთვის მზად არის. როგორც თურნავა ამბობს, ქუჩების ბლოკირებითა და პარალიზებით დიალოგი გაჭირდება და ეს განსაკუთრებით მიუღებელია იმ ფონზე, რომ ქვეყანა ეკონომიკის გახსნისა და ტურისტების მიღების მოლოდინშია.

"ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონკრეტული საქმიანი დიალოგისთვის პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს კომუნიკაცია არ უნდა გასცდეს პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს, არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში, მაგრამ კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი, საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საქმეები უნდა ირჩეოდეს, უნდა განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით.

ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ეს არის საერთაშორისო მედიატორების ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობით პლატფორმა. ასევე ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, საქმიანად, კონკრეტულად, სამუშაო ჯგუფებში, ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ.

ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში, ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ. რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში, არის აბსოლუტურად მიუღებელი",- თქვა თურნავამ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი