
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი არ თვლის, რომ აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების მიმართვის კრიტიკის ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. მისი თქმით, განცხადების ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება, ვინაიდან, კონფერენცია, რომელიც ხვალ, 26 მაისს არის ჩანიშნული, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოუწვევია.
გვრიტიშვილის თქმით, ხვალინდელ კონფერენციაზე პირველ რიგში დღის წესრიგი დამტკიცდება და გაირკვევა აგრძელებს თუ არა კონფერენცია მუშაობას.
"პოლიტიკურ ძალებს შორის შედგა გარკვეული კონსესუსი, სადაც არ და ვერ იქნებოდა სასამართლო ჩართული. შეთანხმებას ვერ შევასრულებთ, ჩვენ ვასრულებთ კანონებს, კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნებს ვასრულებთ. ამ მოთხოვნისა და მოწოდების ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება, იმ მიზეზის გამო, რომ კონფერენცია, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოუწვევია. ხვალ როდესაც კონფერენცია შეიკრიბება, პირველი საკითხი რაც არის განსახილველი, ეს არის დღის წესრიგის დამტკიცება. ანუ კონფერენცია აგრძელებს თუ არა მუშაობას და მათ შორის წევრების არჩევას",- თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
კელი დგენანმა და კარლ ჰარცელმა 22 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ისინი მმართველ გუნდს აფრთხილებენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე არ განახორციელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას. კონფერენციის შეჩერების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.