მცხეთაში, ქართული ოცნების აგრესიულმა აქტივისტებმა ოპონენტებს დღეს ქუჩური გარჩევები მოუწყვეს.
მცხეთის მერიასთან, მმართველი გუნდის მიერ მობილიზებულმა აქტივისტებმა ოპოზიციის ლიდერებს ცოცხები, კვერცხები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. პოლიცია კი მოვლენების განვითარებას გულგრილად ადევნებდა თვალს.
"ენმ"-ს ერთ ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს ცოცხი პირდაპირი ჩართვის დროს ესროლეს. თავდამსხმელი პოლიციამ ოპოზიციის ზეწოლის შედეგად დააკავა.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ რომ პოლიცია აგრესიულ ჯგუფთან შეთანხმებით მოქმედებდა, რადგან ზაალ უდუმაშვილზე თავდამსხმელმა პოლიციის კორდონი ცოცხით ხელში ისე გამოიარა რომ სამართალდამცავებს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
ცოცხების გარდა ახალგაზრდებზე გუშინდელი ძალადობის გასაპროტესტებლად მისულ აქციის მონაწილეებს დღეს ბოთლები და კვერცხებიც დაუშინეს.
ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვერცხები მერიის თანამშრომლებს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში ჰქონდათ დასაწყობებული, გაძვირებული კვერცხის სრულად ათვისება ვერ მოასწრეს. ოპოზიციისთვის ნასროლი ერთადერთი კვერცხიც ბიძინა ივანიშვილის სტიკერს მოხვდა.
კვერცხების და სხვადასხვა ნივთების სროლას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, თუმცა ხელისუფლების მხარდამჭერების გინებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისგან საპასუხო რეაქცია არ ჰქონდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მერი და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები, თუმცა მცხეთის მერმა, "მთავარის" კითხვას, ვისი ორგანიზებით და რის სანაცვლოდ ყავდათ სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილი და მობილიზებული მხარდამჭერები მცხეთაში, არ უპასუხა.
მცხეთის მერიასთან აქცია დღეს საათნახევარი გაგრძელდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაშლამდე ადმინისტრაციულ შენობას საპატიო წრე დაარტყეს და მშვიდობიანი პროტესტი მომდევნო დღეებშიც დააანონსეს.
გარდა მცხეთისა, ოპოზიცია გეგმებს არც სხვა ქალაქებში ცვლის და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. მომდევნო სახალხო შეკრება მათ ქუთაისში აქვთ დაანონსებული.