
კარგი დიპლომატიური გაკვეთილი "ქართული ოცნებისთვის" - ასე აფასებენ ამერიკისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას ოპოზიციაში.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დასავლეთმა პირდაპირ უთხრა ივანიშვილის გუნდს, რომ ის ვალდებულია შეასრულოს შეთანხმება, რომელიც 8 მარტს დიპლომატების შუამავლობით გაფორმდა.
მათი თქმით, დასავლეთმა ძალიან ხისტი პოზიციით დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს შეთანხმებისას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება არ განხილულა, ტყუილია.
თალაკვაძე გამოვიდა, ჩაატარა ბრიფინგი და მალევე აშშ პასუხობს. ეს რას ნიშნავს, რომ რაც თალაკვაძემ თქვა, დიპლომატიურ ენაზე ფურცელზე დაიტანეს და თქვეს, რომ ეს ტყუილია, ახლა უკვე ელოდონ მთელ წყებას განცხადებებისა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ დასავლეთიც და აშშ-ც ელოდება შეთანხმების დაუყოვნებლივ შესრულებას. სერგი კაპანაძის თქმით, ეს მოლოდინი იკითხება ყველა იმ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებისგან გაკეთდა.
მარტივია, ან ხელისუფლება შეასრულებს ამ პირობას, შედგება შეთანხმება საკონსტიტუციო რეფორმაზე და გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ან ქართული ოცნება გადააგდებს მოსახლეობას, გადააგდებს საერთაშორისო საზოგადოებას და ეს არ იქნება კარგი ივანიშვილისთვის, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დიპლომატები პირდაპირ ვერ მოითხოვენ პოლიტიკური დევნილების გათავისუფლებას, თუმცა მათი ყველა განცხადება მიუთითებს, რომ 8 მარტის შეთანხმება ორპუნქტიანია და იქ მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე არ არის საუბარი.