დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკონოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენიქვეყნის დამოუკიდებლობა.
მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას.
ვულოცავ ჩვენს ეკლესიას, რომლის ღვაწლი ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია. ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისათვის. სწორედ მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმ წვევამდელებისათვის, რომლებმაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გრძელდება ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობა:
„ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან- ამერიკასთან. 2024 წელს კი საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგავთ ჩვენი წინაპრების ევროპული ოცნების განსახორციელებლად. ჩვენ ვქმნით უკეთეს პირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღებისათვის. ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გლობალური კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად და ეკონომიკური აღორძინებისათვის ახალი მუხტის მისაცემად. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გავაგრძელებთ ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მოიტანს კეთილდღებას. კიდევ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - თქვა პრემიერმინისტრმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქოს წარმომადგენლები, პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხედრო პირები ესწრებიან.