საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა და მის შენაჩუნებას დღესაც არანაკლები თავდადება სჭირდება. კუჭავას თქმით, ხელისუფლებას ამბიციური გეგმა აქვს - 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
"ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ეს გვავალდებულებს ყველას, მთელ საზოგადოებას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, ერთობლივი ძალისხმევით ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც გვაერთიანებს - ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ყველას გვეყოფა კეთილგონიერება და ქვეყნის ინტერესს დავაყენებთ ყველაფერზე მაღლა.
ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო ვაქციოთ სტაბილურ, მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნად, ლიდერად არა მხოლოდ რეგიონში. ამას ელოდებიან ჩვენგან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ამის პოტენციალს ხედავენ ისინი საქართველოში", - თქვა კახა კუჭავამ 26 მაისის ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
კუჭავა დარწმუნებულია, რომ "ჩვენი თაობა" შეძლებს და საქართველო სულ მალე გახდება ევროპული ოჯახის წევრი.