
"ქართული ოცნების" მორიგი ტყუილი - ოპოზიცია მმართველ პარტიას ორმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და პროტესტის ახალი ტალღის დაწყებას აანონსებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ "ქართულ ოცნებას", რომ თუ პოლიტპატიმრებს: გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი რურუას ციხიდან არ გამოუშვებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებენ.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენ შეგვიყვანს ჩიხში, რა თქმა უნდა, არასაჭირო რადიკალიზაციას შესძენს პოლიტიკურ პროცესს და იმის მაგივრად, რომ გვქონოდა კონსესუსური შეთანხმება, ახლა გვექნება ან ცალსახა გადაწყვეტილება, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ, ან გვექნება დაპირისპირება და ისევ გაურკვეველი ვითარება, როდესაც ყველა ჩვენს მოკავშირეებს შეეძლება თქმა: ქართველებს ერთმანეთთან არც მოლაპარაკება შეუძლიათ და არც მოლაპარაკების შედეგის შესრულება, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
"ევროპულ საქართველოშიც" აცხადებენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ ხელისუფლება შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულების პირობას არ შეასრულებს.
ჩვენ მხარს დავუჭერთ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. თუ ასე არ მოხდება, ყველაფერი დაბრუნდება იქ, სადაც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ყველაფერი დაბრუნდება, მათ შორის, პროტესტისა და საგარეო ზეწოლის თვალსაზრისითაც, - ამბობს დავით ბაქრაძე.