იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრი, გოჩა აბუსერიძე ამბობს, რომ სასამართლო კლანზე საუბარი დემაგოგიაა. აბუსერიძის თქმით, სისტემაში კორპორაცია არსებობს და სასამართლოს მოსამართლეები მართავენ.
"ნდობა გამომიცხადეს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა. აღნიშნული ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის.
წინასწარი შეთანხმება დღეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარვდგენილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურაზე. ზოგადად, საუბრები, რომ კლანი არსებობს, ჩემი აზრით ეს დემაგოგიაა. სასამართლოს სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია და სასამართლოს მართავენ მოსამართლეები", - თქვა გოჩა აბუსერიძემ.
კიდევ ერთი ახლად არჩეული წევრი, ბადრი შონია ამბობს, რომ სასამართლოს კლანზე საუბარი "უხერხულია" მაშინ, როცა ის 281-მა მოსამართლე წევრმა აირჩია.
"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, როგორც იცით 281-მა მოსამართლე წევრმა მომცა ხმა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკეთესი მართლმსაჯულება ჰქონდეს ქვეყანას. ყველა დაინტერესებულ პირთან, ეს იქნება არასამთავრობო თუ სხვა ნებისმიერი პირი, მზად ვარ ვითანამშრომლო.", - თქვა ბადრი შონიამ.
იუსტიციის სკოლაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე აირჩიეს. ისინი ივნისში საბჭოს იმ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ვადა გასდით.