ჩემი მთავარი ამოცანაა ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ევროპულ შეხვედრებზე საუბრისას.
მესამე პრეზიდენტი ბრიუსელში მოლაპარაკებებს მართავს და ამბობს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოში, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლაა.
მიხეილ სააკაშვილს პირველი მოლაპარაკება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფისში ჰქონდა, სადაც საგარეო ურთიერთობებში მიშელის უფროს მრჩეველს სიმონ მორდუს შეხვდა.
დღესვე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპარლამენტარებსაც შეხვდება, მას კონსულტაცია თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წევრთან ექნება.
მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს ანტონიო ლოპეს იშტურიცს, დღის მეორე ნახევარში კი ის ცალ-ცალკე გამართავს მოლაპარაკებებს ანდრიუს კუბილიუსთან, მაიკლ გალერთან, ვიოლა ფონ კრამონთან, ანა ფოტიგასთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე ესაუბრა ალდეს წარმომადგენელს პეტრას აუსტრევიჩუს. მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, ის ევროპის საგარეო ურთიერთობათა ოფისსაც ეწვევა, რომელსაც ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.
შუა დღისას მიხეილ სააკაშვილი ევროპარალამენტში მივა და იაცეკ სარიუშ ვოლსკისაც შეხდება, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო, ევროინსტიტუციებში შესვლა ამ დრომდე შეზღუდულია.