
ნაციონალური მოძრაობა სრულ პასუხისმგებლობას შეთანხმების დარღვევის გამო მმართველ პარტიას აკისრებს. გირგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის განცხადებას, რომელიც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების რევიზიას ეხება, უადგილო, უშინაარსო და უტაქტო უწოდა.
მისი თქმით, სრულიად გაუგებარია პოლიტიკური თვალსაზრისითაც და პრაქტიკულითაც, რას ეხებოდა ეს განცხადება. შედეგად მივიღეთ ის, რომ მედიატორებს მოუწიათ ოპოზიციის და მთავრობის დისკუსიაში ჩართვა და ახსნა, რა როლი აქვს მედიატორს მოლაპარაკებებში და რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება.
ვაშაძე ამბობს, რომ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია ხაზის გასმა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში კიდევ არსებობენ პოლიტპატიმრები, რომ მოლაპარაკების ორივე მხარემ პირუთვნელად უნდა შეასრულოს დანაპირები.
ამ ნაბიჯის შედეგად დაზიანდა ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ გვყავს პოლიტპატიმრები. ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ეს უადგილო განცხადება მოიტანს, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ოცნებას და ყველა მის ლიდერს, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ბრიფინგის მიმდინარეობისას გრიგოლ ვაშაძე შეეხო ქუთაისის საკითხსაც და საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას სთხოვა, რომ სასწრაფოდ შეიტანოს განსახილველად წინადადება, რომ გადაიხედოს ქალაქის ბიუჯეტი და თანხების დიდი ნაწილი ქუთაისის მაცხოვრებლების ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე გადამისამართდეს.