
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე მეორედ დაარღვია პირობა და ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის იმიჯი ილახება საერთაშორისო თანამეგობრებისთვის.
ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ წითელი ხაზები გუშინ გადალახა. კონკრეტულად ჩუგოშვილი გულისხმობს, რომ მმართველი გუნდის შეცდომა იყო, როცა მათ შეხვედრის მონაწილე ელჩებს სთხოვეს, დაედასტურებინათ მათი განცხადებები, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა.
"ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, საელჩოებისკენ ისრების გადატანა, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორთან და მით უმეტეს დიპლომატებთან ეს დაუშვებელი ქმედება არის და წითელი ხაზია.
დიპლომატებმა დიპლომატიურად უპასუხეს, მაგრამ პოლიტიკოსებმა უპასუხეს ღიად. ის შეთანხმება ,რომელიც მოხდა, არავის ისე არ სჭირდებოდა, როგორც ხელისუფლებას, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მისივე თქმით, მას აქვს ორივე დოკუმენტი, ერთში საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე, ხოლო მეორეში საუბარი სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლების შესახებ. მისი თქმით, დოკუმენტებს აქვს შეხვედრის მონაწილე პირების ხელმოწერა. მისი განცხადებით, მეორე დოკუმენტს არ ახლავს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილი ხელმოწერა.
"ორი დოკუმენტი მაქვს და ორივეზეა ხელმოწერები, ერთ დოკუმენტს აკლია ინაშვილი ხელმოწერა, რომელსაც ზუსტად პრინციპული წინააღმდეგობა ჰქონდა ამ პატიმრების გათავისუფლების და არც მოაწერა ხელი, - ამბობს ჩუგოშვილი.