20 ივნისის "ოცნებისეული" ამნისტიის შემდეგ, გახარიას მიმართ თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნება რაიმე სამართლებრივ პასუხისგებაზე საუბარი.
პირველივე დღიდან დაიწყო ყველა საკვანძო პერსონაჟის პასუხისმგებლობისგან განრიდება და ყველაფერი რიგით პოლიციელებზე ტყდება. პირველივე დღეებიდან უწყებას განარიდეს 10-მდე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის გდდ-ს უფროსი, რომელმაც წესით ყველაზე მეტი უნდა იცოდეს - რა და როგორ მოხდა იმ ღამეს.
ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი გიორგი ყაყიჩაშვილი, იმ 10 ძალოვანს შორისაა, რომლებიც 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამდებობიდან მანამ გაათავისუფლა სანამ "გავრილოვის ღამის" დანაშაულებებზე გამოძიება არ დასრულდება.
ყაყიჩაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა და სავარაუდოდ მან სხვა სამართალდამცავებზე გაცილებით მეტი იცის იმ პირებზე, რომლებმაც დარბევის ბრძანება გასცეს.
"მთავარ არხს" შიდა წყაროებიდან უდასტურებენ, რომ ყაყიჩაშვილი საფრანგეთში საქართველოს საელჩოში დაასაქმეს, საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს და ხელფასი დაუნიშნეს. ინფორმაციის გადამოწმება მის საცხოვრებელ სახლში ვცადეთ თუმცა ოჯახის წევრებმა, ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.
ბრალდებულად ცნობილ 3 სამართალდამცავს ამნისტიის კანონპროექტთან განსხვავებული პოზიცია აქვთ.
ერთადერთი ყოფილი პოლიციელი, რომელიც ამნისტიას არ ემხრობა მინდია ამბარდნიშვილია. ის თვლის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად სიმართლის დამტკიცებას ახლა სასამართლოს დახმარებით ცდილობს.
რაც შეეხება ლევან იმერლიშვილსა და გიორგი ესიაშვილს, მათ შსს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, წარდგენილ ბრალს კი ორივე მათგანი აღიარებს. ბრალდებულები, ამნისტიის კანონპროექტს მხარს უჭერენ. თავად კამერებთან არ ჩნდებიან, მაგრამ მათი, ოჯახის წევრები და ადვოკატები კი თვლიან, რომ ამნისტია ბრალდებულებსაც უნდა შეეხოთ.
გავრილოვის ღამისთვის პასუხისგებაში უწყებამ მხოლოდ 3 სპეცრაზმელი და პოლიციელი მისცა, მაშინ როდესაც ოფიციალური მონაცემებით ამ ღამეს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.