ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომამდე 3 საათი რჩება. სწორედ დღეს უნდა მიიღოს მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილება.
როგორც ზაალ უდუმაშვილი სხდომის დაწყებამდე ამბობს, ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული პარტიის მომავალი ბრძოლა და გეგმები მთავარი მიზნის- ხელისუფლების შეცვლისთვის.
"დღეს პარტიის პოლიტსაბჭო ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და იმ პოლიტიკური პროცესებისთვის, რომელიც ქვეყანაში უნდა განვითარდეს.
უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, ეხება მოახლოებულ არჩევნებს, ვადამდელ არჩევნებს და ხელისუფლების ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა გზით უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული, არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, სწორედ ამ მიზნამდე მისასვლელი გზა, რომელი არის უკეთესი, ეს უნდა გადაწყდეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე",-თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილის პოზიციას, ის ამბობს, რომ პარტია პარლამეტში უნდა იყოს წარმოდგენილი და მომავალი არჩევნებისთვის ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოდან უნდა გააგრძელოს.