"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიასგან "ქართული ოცნება" 2 ვერ შედგება. მან გახარიას ინტერესების გატარებაში კრიტიკული მედიები დაადანაშაულა და თქვა, რომ მათი კამპანია მისთვის "ნიშანდობლივია":
"ნაცმოძრაობის ინტერესია, რომ ვინმე მოიაზრებოდეს ისეთ პროექტად, რომელიც ხმებს წაართმევს, მომავალ არჩევნებში ქართულ ოცნებას, მე ძალიან კარგად მესმის. "ფორმულა" და "ტვ პირველის" გარდა ამ ინტერესის გაზიარებაზე, "მთავარიც" რომ ჩაერთო ამ თემაში და ამ კამპანიაში, არის ძალიან ნიშანდობლივი.
ამ ადამიანმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება, გუშინ 2 საათის განმავლობაში ცდილობდა ამ გადაწყვეტილების გამართლებას. მას თავისი გზა აქვს.
მე არ ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხელი შეუწყონ ამას ნაცმოძრაობის მედიასაშუალებებმა, ქართული ოცნება 2, ასეთი პროექტი შედგეს, მიუხედავად თქვენი მხარდაჭერისა",-თქვა მდინარაძემ.
გახარიას პოლიტიკურ აქტიურობას მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი, კახი კალაძეც გამოეხმაურა. კალაძე დარწმუნებული არ არის, რომ გახარია "ქართული ოცნების" ხმებს წაიღებს. როგორც მან აღნიშნა, გახარიას არჩევა ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
"შანსებზე მე გამიჭირდება საუბარი. ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკოსი ან კონკრეტული პარტია სად როგორ იყოს. ვერ გეტყვით აიღებს თუ არა ქართული ოცნების ხმებს",- თქვა კალაძემ.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 19 თებერვალს დატოვა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, გახარიამ ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. 29 მაისს პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.