საინტერესო ისტორია ლეგენდარული ფეხბურთელის, ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს ცხოვრებიდან - ერთი მადეირელი ბიჭი, რომლის დაბადებაც დედას მატერიალური მდგომარეობის გამო არ სურდა და აბორტის გაკეთებას აპირებდა.
რონალდოს დედა დოლორეშ ავეირო ორსულობის შესაწყვეტად ექიმთან მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული იყო. მეზობლების რჩევით, დოლორეში ძლიერ ლუდს სვამდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო - ორსულობა არ შეწყდა და 1985 წლის 5 თებერვალს კრიშტიანო რონალდო დაიბადა.
ამ დროს მომავალი ფეხბურთელის დედა სასტუმროში მზარეულად მუშაობდა, მამა კი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ანდორინიაშის ადმინისტრატორი იყო და გამომუშავებულ ჰონორარს სასმელში ხარჯავდა. დიახ, რონის მამა ალკოჰოლიკი იყო, თუმცა ის განსაკუთრებით ზრუნავდა კრიშტიანოზე და შვილი სათამაშოდ იმ კლუბში მიიყვანა, სადაც მუშაობდა. ანდორინიაში იყო რონის პირველი გუნდი, საიდანაც შედგა მისი პირველი ტრანსფერი. კრიშტიანო ნასიონალმა ფორმის 2 კომპლექტისა და 20 ბურთის სანაცვლოდ იყიდა. ზუსტად 2 წლის შემდეგ კი ის ლისაბონის სპორტინგის სინჯებზე მიიწვიეს და კლუბმა 12 წლის ფეხბურთელში 25 ათასი ევრო გადაიხადა. ...სპორტინგის შემდეგ იყო მანჩესტერ იუნაიტედი, მერე კი მადრიდის რეალი. ამის შემდეგ კი მან ტურინის იუვენტუსში გადაინაცვლა...
საინტერესო ფაქტები რონალდოს ცხოვრებიდან:
- რონალდოს ნამდვილი სახელი არის კრიშტიანო დოს სანტოს ავეირო. მისი მამა კი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის დიდი გულშემატკივარი იყო. სწორედ ამის გამო შეარქვა მან თავის შვილს მეტსახელად რონალდო. ამის შემდეგ კი ეს ზედმეტსახელი მას ფეხბურთშიც გადმოჰყვა.
- სპორტინგთან პირველი კონტრაქტით კრიშტიანოს ოჯახი ყოველთვიურად კლუბისგან 50 ევროს იღებდა.
- როდესაც რონალდო სპორტინგის აკადემიაში ირიცხებოდა, ის ძირითადი გუნდის თამაშებზე ბურთის მიმწოდებლად დგებოდა, რაშიც 5 ევროს უხდიდნენ.
- იყო ალბათობა იმისა, რომ რონალდოს საფეხბურთო კარიერა აღარ გაეგრძელებინა, რადგან მას 15 წლის ასაკში გულზე პრობლემები ჰქონდა, რასაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რონალდო მოედანს დაუბრუნდა.
- რონალდოს ყიდვა მილანის ინტერს 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო, თუმცა კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ტრანსფერზე უარი განაცხადა. მორატის თქმით, ინტერი დიდი გუნდი იყო და ისინი მხოლოდ შემდგარ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ.
- რონალდო ძალიან ახლოს იყო ლონდონის არსენალში გადასვლასთან. არსენ ვენგერს პორტუგალიელისთვის 9-ნომრიანი მაისურიც კი ჰქონდა გამზადებული, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან არსენალმა ფული დაზოგა.
- რონალდო შეიძლებოდა ბარსელონას რიგებში აღმოჩენილიყო. ცნობილმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა კლუბს 4 ფეხბურთელი შესთავაზა - კვარეჟმა, დეკუ, რონალდო და ტიაგო. ბარსელონამ კი კვარეჟმა აირჩია.
- მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა გაიხსენა, რომ სპორტინგთან ამხანაგური თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ ჯონ ოშის, რომელიც რონალდოს პერსონალურად მეურვეობდა, ექიმის დახმარება დასჭირდა, რადგანაც მას რონის ფინტებისგან თავბრუ ჰქონდა დახვეული.
მანჩესტერის გასახდელში კი ფეხბურთელებმა კლუბის მწვრთნელს, ალექს ფერგიუსონს კრიშტიანოს ყიდვა ურჩიეს - ტრანსფერი კი იმავე საღამოს განხორციელდა.
- სპორტინგიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლისას რონალდომ 28 ნომერი მოითხოვა, მაგრამ
იუნაიტედის მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა დაიჟინა, რომ კრიშტიანოს 7 ნომერი აეღო, რომელიც დევიდ ბექჰემის რეალში წასვლის შემდეგ გათავისუფლდა. როგორც რონალდომ მოგვიანებით აღიარა, 7 ნომერმა დამატებითი მოტივაცია გაუჩინა, რადგან ამ ნომრით მანჩესტერში ისეთი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი იყვნენ.
- 2010 წლის 17 ივნისს რონალდო მამა გახდა, მისი ვაჟი კრიშტიანო ჯუნიორი სუროგატი დედისგან დაიბადა.
- 2015 წლის ივნისში ლისაბონის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელსაც მიანიჭეს პირობითი აღნიშვნა CR7.
- რონალდო თბილისში ორჯერ არის ნამყოფი. პირველად საქართველოს 2013 წლის ივლისში ეწვია, როდესაც მონაწილეობა ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის საწვრთნელი ბაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო. შემდეგ კი დინამო არენაზე თბილისის დინამოსა და მოსკოვის დინამოს ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. მეორედ რონალდო თბილისში 2016 წლის 5 ივნისს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ჩამოვიდა და სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოს დედაქალაქში მოემზადა.