შუქრუთელების პრობლემის გადაწყვეტაში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ჩაერთო - დიპლომატი უკვე დაუკავშირდა რამდენიმე უწყებას, მათ შორის, სახალხო დამცველს. ეს ინფორმაცია პროტესტის მონაწილეებს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებათა ოფიცერმა დაუდასტურა.
შუქრუთელების პროტესტი მე-4 დღეა საელჩოსთან გრძელდება. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გვიან ღამით შეუძლოდ გახდა. პროტესტის მონაწილეები, რომლებსაც პირი აქვთ ამოკერილი, კელი დეგნანს მედიატორის როლის შესრულებას სთხოვენ.
"22-ე დღეა რაც უკიდურესი პროტესტის ფორმები გრძელდება, პირველივე დღიდან ვინც დაიწყო შიმშილობა ის ადამიანები უკვე ძალიან დასუსტებულები არიან, პერიოდულად გვიხდება სამედიცინო პერსონალის გამოძახება. აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო გამოსული, გვითხრა, რომ პრობლემატიკას ეცნობა. დაგვპირდა, რომ ძირეულად გაეცნობა პრობლემის შინაარსს და შემდეგ ისევ გამოვა კონტაქტზე", - თქვა აქციის მონაწილემ, ჯანო ლაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზისგან" ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ და ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, მიწები კი დაიმეწყრა.