ისინი დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის - დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი საქართველოში ამერიკის მხარდაჭერისა და პარტნიორობის დასტურია. მისივე თქმით, ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს ჩაიტანენ სენატორები როდესაც ამერიკაში დაბრუნდებიან.

დეგნანმა განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ამერიკისთვის კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება და სენატორების ვიზიტის ფარგლებში ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. 

„ისინი ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს გაგრძელდება. კოვიდის გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. დღის წესრიგში ძალიან ბევრი განსახილველი საკითხი იქნება. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი და ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ, როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში

ბევრი შეხვედრა ექნებათ, მთავრობის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს შეშფოთებას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები საქართველოში დღეს ჩამოდიან .  აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, 2-4 ივნისს საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც სწორედ შაჰინი და პორტმანი ხელმძღვანელობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი