
შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოში "თევზების ტბების" ერთ-ერთ მეწილის დაჭრის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული ა.ჭ. დააკავეს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. შემთხვევა 31 მაისს მოხდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1978 წელს დაბადებული დ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება", - წერია უწყების განცხადებაში.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: სავარაუდოდ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით, ასევე, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.