ამერიკელი სენატორები საქართველოში არიან. დელეგაცია ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით გვიან ღამით ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სენატორების ორპარტიულ ჯგუფს ელჩები კელი დეგნანი და დავით ბაქრაძე დახვდნენ.
ამერიკაში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის შეფასებით, სენატორები - ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი მტკიცე მხარდამჭერები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი რამდენიმე საათში დაიწყება.
"მნიშვნელოვანია ამერიკელი სენატორების ვიზიტი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამომდინარე, იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
ამერიკელი სენატორები, როგორც სენატორი შაჰინი, ასევე სენატორი პორტმანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები არიან.
ჩვენთვის დღესდღეობით, არსებული გამოწვევების ფონზე, რაც უკავშირდება პოსტპანდემიურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება",- თქვა დავით ბაქრაძემ.
სენატორები საქართველოს ხვალ, 4 ივნისს დატოვებენ.