„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია ისევ სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად იკრიბება. ახლა მათი მიზანია, მმართველ გუნდს 8 მარტი შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება აიძულოს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს. მათი განცხადებით, ივანიშვილმა კორონავირუსის კრიზისით ისარგებლა და ცდილობს ხალხის „:გადაგდებას“, თუმცა ეს არ გამოუვა.
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას კვლავ ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. ივანიშვილი ბევრჯერ ეცადა დაექსაქსა ოპოზიცია, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.
ყველა ვთანხმდებით, იქნება ეს ჩვენი პარტიის წევრი თუ სხვა, არ შეიძლება პოლიტიკური მოტივით იმყოფებოდეს საპყრობილეში და ჩვენ ამ დროს რაიმე შეთანხმებაზე მივდიოდეთ ხელისფლებასთან, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, თანაბრად მნიშვნელოვანია შეთანხმების ორივე ნაწილი, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება შესრულდეს, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო ზეწოლაც გაძლიერდება.
საუბარი იქნება ზუსტად იმაზე, როგორ არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ, სურვილის მიუხედავად, ჩაშალოს ეს შეთანხმება და როგორ მოხდეს ამ შეთანხმებით ისე მისვლა არჩევნებამდე რომ ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ქვეყნის იმიჯს, -აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, არ უნდა მიეცეს ხელისუფლებას იმის საშუალება ჩაშალოს შეთანხმება და ეს ოპოზიციას დააბრალოს.
ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ოპოზიცია არ არის მიზეზი თუ ეს შეთანხმება არ შედგება, - აცხადებს ბესელია.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია მზად იყო იმისთვის, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებისა და ოპონენტების „გადაგდებას“ ისევ შეეცდებოდა.
„ჩვენი ამოცანაა ამის შესაძლებლობა არ მივცეთ, ვერაფრით ამ მცდელობას ვერ შემოგვაპარებს, რადგან კარგად ვიცნობთ, არაერთხელ მოგვატყუეს და ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით, ესენი არიან უპირო ხალხი, - ამბობს ვაშაძე.
შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 15:00 საათზე დაიწყება.