გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნის მოკავშირეები პირდაპირ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა რუსული და ჩინური მიმართულებით მიყავს, რომლის ბოლოსაც ავტორიტარიზმია.
საერთაშორისო ორგანიზაციებზე ღია თავდასხმის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ხისტი პასუხი მიიღო. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ოლიგარქს ურჩევს ვაშინგტონში ჩავიდეს და პირადად გაარკვიოს რატომ ხედავენ მის პოლიტიკაში დემოკრატიიდან გადახვევას მთავარი პარტნიორები.
დენიელ თვაინინგი საქართველოში პუტინიზაციის საფრთხეზე საუბრობს და გაოცებულია, რომ საქართველოშიც ისევე უქმნიან პრობლემებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც ავტოკრატიულ რუსეთში.
ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის გზას დაადგა და ბიძინა ივანიშვილმა ის წითელი ხაზები გადაკვეთა, რომლის შემდეგაც პარტნიორები ხვდებიან, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის.
ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორის, დენიელ თვაინინგის მკაცრი გზავნილების შემდეგ, დღეს თავის მართლება ოცნების წევრებსაც გაუჭირდათ. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ივანიშვილის გუნდს აქვს, IRI-ს ადგილობრივ პარტნიორებს შეეხებათ.
ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი ხშირად ხდება ქართული არასამთავრობო სექტორი. თუმცა, ერთ ერთი პირველი, ვისი კრიტიკაც "ოცნებამ" დაიწყო, "ფრიდომ ჰაუსი" იყო.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდებამ ივანიშვილის ხელისუფლებას დიდი ზიანი მიაყენა. მას უკვე ღიად აკრიტიკებენ ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში. საკმაოდ მწვავე განცხადება ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტმა გაავრცელა. მან თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ "შეშფოთებულია საქართველოში განვითრებული მოვლენებით და იმედოვნებს, რომ ხალხისათვის მიცემული პირობა შესრულდება."