უკვე ერთი საათია, რაც ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ორთვიანი პაუზის შემდეგ ეს პირველი ოპოზიციური კონსულტაციებია. ოპოზიცია ამ შეხვედრაზე ერთობლივი განცხადების მიღებას გეგმავს.
შეკრების მთავარი მიზეზი 8 მარტს ქართულ ოცნებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მიღებული შეთანხმების შესრულებაა, კერძოდ, საარჩევნო სისტემის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ვიმსჯელებთ საარჩევნო მზადების თაობაზე. ძალიან ბევრი საკითხია. მაგრამ მთავარი საკითხია ცალსახა მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. როგორც კი დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების ორივე ნაბიჯის შესასრულებლად, ჩვენ მზად ვიქნებით, შევასრულოთ ჩვენი ყველა ვალდებულება, - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე.
ოპოზიციონერთა თქმით, განცხადებაში ჩაიწერება, რომ უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თუ ერთი მაინც იქნება დარღვეული, 8 მარტის შეთანხმებაც ჩაითვლება დარღვეულად. ისინი ამბობენ, რომ ორივე საკითხი განცხადებაში თანაბარმნიშვნელოვნად უნდა იქნას შეტანილი.
რაც უნდა ილაპარაკონ, იყო თუ არა პატიმრებზე ლაპარაკი, რაც გუშინ მოვისმინეთ, ის არის, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ შემოიტანა სტატუსი პოლიტპატიმრები, რაც არის კატასტროფაა ქვეყნისთვის. ვიმსჯელებთ, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციურმა ფორმატმა, რათა პატიმრები იყვნენ დახსნილი, და რა გვექნება სტრატეგია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - ამბობს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია.