19 მილიონი წლის წინ ზვიგენების 90% გადაშენდა - მიზეზი უცნობია

გამოქვეყნდა:

მეცნიერებმა წყნარი ოკეანედან მოპოვებული ნამარხების მიხედვით დაადგინეს, რომ ზვიგენების დიდი რაოდენობა დრამატული გადაშენების მოვლენას შეეწირა. ამ დროს წყლის მტაცებლების პოპულაციის რიცხვი 90%-ით შემცირდა. მკვლევრებს წარმოდგენა არ აქვთ, რამ გამოიწვია ზვიგენების ასეთი საშინელი ჟლეტა.

ამოუცნობი მოვლენაა. ზვიგენები 400 მილიონი წელია, რაც არსებობენ. მათ ჯოჯოხეთი არაერთხელ გამოუვლიათ. და მაინც, ამ მოვლენის შედეგად მათი 90% ამოიხოცა. - ამბობს ელიზაბეთ საიბერტი, პალეობიოლოგი და ოკეანოგრაფი იელის უნივერსიტეტიდან.

66 მილიონი წლის წინათ ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა, რომელმაც დინოზავრები გადააშენა, ზვიგენების პოპულაცია მხოლოდ და მხოლოდ 30-40%-ით შეამცირა. ამის შემდეგ, ზვიგენები ოკეანეში 45 მილიონი წლის განმავლობაში მშვიდად დომინირებდნენ. ისინი ისეთ კლიმატურ კატასტროფებსაც გადაურჩნენ, როგორიც იყო, მაგალითად, „პალეოცენურ-ეოცენური თერმული მაქსიმუმი“ - დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ ნახშირორჟანგის დონემ დედამიწის ატმოსფეროში მოულოდნელად აიწია და ტემპერატურა საგრძნობლად გაიზარდა. 

ახლა კი, წყნარ ოკეანეში ნაპოვნი მტკიცებულებები ზვიგენების ისტორიაში სიურპრიზებით აღსავსე თავს ქმნის.

საიბერტმა და ლი რუბინმა, რომელიც იმ დროს ატლანტიკის კოლეჯის ბაკალავრი იყო, თევზებისა და ზვიგენების კბილების ქერცლები შეისწავლეს, რომლებიც ნალექოვან ბირთვებში იყო დამარხული. ისინი მკვლევრებმა ჩრდილო და სამხრეთ წყნარი ოკეანის ექსპედიციის დროს მოიპოვეს.

საიბერტის თქმით, პროექტის მიზანი ამ ნამარხების ცვალებადობის ბუნებრივი მიზეზის უკეთ გაგება იყო. ზვიგენის სხეული უმეტესად ხრტილებისგან შედგება, რომელიც არ იხრწნება და ნამარხად არ იქცევა. თუმცა, ზვიგენის კანი დაფარულია ქერცლებით, რომელთა სიგანე ადამიანის თმის ფოლეკულის სიგანისა შეიძლება იყოს. ამ ქერცლების წყალობით, მეცნიერებს შეუძლიათ ზვიგენებზე უამრავი ინფორმაცია მოიპოვონ. ზვიგენის კბილების მსგავსად, ქერცლებიც მინერალური ბიოაპატიტისგან შედგება, რომელიც ნალექებში კარგად ინახება და არ ფუჭდება. 

მკვლევრებმა ზვიგენის ნამარხების ქერცლები ორ მთავარ ტიპად გაყვეს: წრფივი ზოლებით (მარცხნივ) და გეომეტრიული ფიგურებითა და ზოლების გარეშე (მარჯვნივ). 19 მილიონი წლის წინ მომხდარი ზვიგენების გადაშენებისას გეომეტრიული ფორმის მქონე ქერცლები ოკეანეებიდან თითქმის სრულად გაქრა.

ანალიზის ჩატარებისას, მკვლევრები არაფერ გასაოცარს არ ელოდებოდნენ. 66 მილიონი წლის წინ და 19 მილიონი წლის წინანდელ ინტერვალში, თევზის კბილებისა და ზვიგენების ქერცლის ფარდობა სტაბილურად მყარი იყო: 5:1. თუმცა, მოულოდნელად, დაახლოებით 100 000 წელიწადში, ან უფრო სწრაფად, ეს ფარდობა დრამატულად შეიცვალა: ზვიგენის ყოველ 1 ქერცლზე 100 თევზის კბილი მოდიოდა.

ზვიგენების ქერცლების უეცარი გაქრობა მათი ფორმების მრავალფეროვნების ცვლილებას ემთხვევა, რაც იმის ნიშანია, რომ ბიომრავალფეროვნებაშიც დიდი ცვლილებები მოხდა. დღეს არსებულ ზვიგენებს ქერცლებზე წრფივი ზოლები გააჩნიათ, რაც შესაძლოა მათ ეფექტურად ცურვას უწყობდეს ხელს. თუმცა, ზოგიერთ ზვიგენებს ამ ტიპის ზოლები საერთოდ არ აქვთ. ამის ნაცვლად, მათ სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის ქერცლები აქვთ. 19 მილიონი წლის შემდეგ და მანამდე პერიოდის დეტალური ანალიზებით დგინდება, რომ ზვიგენების პოპულაცია 70-90%-ით შემცირდა. 

ახლა უკვე ნიუ-იორკის კოლეჯის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზღვის მეცნიერის, ლი რუბინის თქმით, გადაშენების მოვლენა „სელექციური“ იყო. ამ მოვლენის შემდეგ, გეომეტრიული ქერცლები თითქმის სრულად გაქრა და აღარასდროს გამოჩენილა ბიომრავალფეროვნებაში, როგორც ეს ადრე მოხდა.

საიბერტის თქმით, არანაირი კლიმატური მოვლენა ან კატაკლიზმა არ ყოფილა, რაც ზვიგენთა პოპულაციის ასეთ ცვლილებას ახსნიდა. მისივე თქმით, დედამიწის ისტორიაში 19 მილიონი წლის წინანდელი პერიოდი „წარმომშობი დრო“ არ არის. ყველაზე მეტად მეცნიერს ამ საიდუმლოს ამოხსნა უნდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი