არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბენეფიციარის გამოყვანას ითხოვს.
"ომბუდსმენის შეშვებამ, რომელზეც ამ სასამართლომ სამარცხვინოდ უარი გვითხრა, უკვე გადაინაცვლა მეორე პლანზე, იმიტომ, რომ ახლა საკითხი ეხება იმას, ბავშვები იქ რომ შევალთ დაგვხვდებიან თუ არა ჯანმრთელები და ცოცხლები. აქედან გამომდინარე პირველი და მთავარი მოთხოვნა მოსამართლისთვის იქნება დღესვე, ამ წამსვე, გამოსცეს განჩინება, რითაც დაავალებს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ, ყველა ბავშვი გამოვიდეს პანსიონატიდან დღესვე. ამ ქეისში მოსამართლემ რომ არ დაადასტუროს, შეგვიძლია ეს შენობა გადავღებოთ და რამე დავაწეროთ, "ქარხანა", - თქვა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა აბაიშიძემ.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე დილით შეუშვეს, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სალიცენზიო პირობებს სწავლობენ.
ამავე თემაზე: