"მე ზოგადად არ მგონია, რომ სახალხო დამცველის შეყვანა ასეთ ინსტიტუციაში თვითონ სახალხო დამცველისთვის კარგი იყოს პოლიციით და ჯარით", - ასეთ განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე, რომელიც სხალთელი მეუფე სპირიდონის ბრძანებით, სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლებისთვის დაკეტილია.
სუბარს ასევე აკვირვებს ის ფაქტი, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხი ბოლო დროს გააქტიურდა:
"სახალხო დამცველს ბუნებრივია აქვს უფლება. აუცილებლად უნდა შევიდეს და აუცილებლად, უნდა შეუშვან. მე ცოტა გაოგნებული ვიყავი როცა გავიგე, რომ თურმე სახალხო დამცველი 2018 წლიდან არ შესულა და არ ვიცი დღეს რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მას მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ამიტომ, ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი. რატომ არ გააკეთა სახელმწიფომ უფრო მკაცრი რეაგირებას?! მე ზოგადად არ მგონია, რომ სახალხო დამცველის შეყვანა ასეთ ინსტიტუციაში თვითონ სახალხო დამცველისთვის კარგი იყოს პოლიციით და ჯარით, რომ შევიყვანოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის იქ შევა", - ამბობს სუბარი.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე დილით შეუშვეს, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სალიცენზიო პირობებს სწავლობენ.
ამავე თემაზე: