ოკუპირებულ ღრომში ოკუპანტების საგუშაგო დაარბიეს - ე.წ. კგბ ქართველებს ადანაშაულებს 

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ღრომში საოკუპაციო რეჟიმის საგუშაგო დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას თვითაღიარებული ხელისუფლება ავრცელებს

ე.წ. კგბ ქართველებს ადანაშაულებს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ ღრომთან, დაუდგენელი მოქალაქეების ჯგუფმა, საქართველოს მხრიდან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და ჩაიდინა ვანდალური ქმედება ე.წ. სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბე-ს სასაზღვრო საგუშაგოს მიმართ. 

„ქართველმა ვანდალებმა დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და დააზიანეს საგუშაგო. დაზიანებულია სამეთვალყურეო პოსტი. ქართული მხარის ქმედებები ხელს არ უწყობს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას",-ვკითხულობთ განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აამოქმედეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

დე ფაქტო ხელისუფლება ინციდენტის განხილვას ინციდენტების პრევენციის ივნისის შეხვედრაზე გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადგენილი არ არის, ვინ ჩაამსხვრია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე უკანონო საგუშაგოს მინები, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ეს შემთხვევა პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა და ხელი ქართული მხარისკენ გაიშვირა.

სოფელი ღრომი 2008 წლის შემდეგ არის ოკუპირებული და ის მეჯვრისხევს ესაზღვრება. ოკუპირებულ სოფელში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები შესვლას ვერ ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი