8 მარტის ისტორიული შეთანხმების ჩაშლაში ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ოპოზიციური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს ისევ შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია უცვლელია. ისინი ამბობენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულების გარეშე, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია, ძალიან უნდა, რომ ოპოზიციურ ფორმატში და ოპოზიციურ ძალებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რომ გარკვეული კაკაფონია შეიქმნას პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ის ამას ვერ მიიღებს. თუ ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს პოლიტიკურ პატიმრებს, ის პოლიტიკურ პარტიები, რომლებიც წარმოდგენილი ვართ პარლამენტში და ამ შემთხვევაში მე, ბუნებრივია, ვსაუბრობ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმიტომ, რომ ეს იქნება ბიძინა ივანიშილის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მდივანმა თინა ბოკუჩავამ.
მისსავე აზრს იზიარებს "ერვოპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე. ბაქრაძის თქმით, სანახევროდ შესრულებული შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება.
ოპოზიციის მხრიდან სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ განიხილება და ოპოზიცია იყო ერთსულოვანი იმაში, რომ ორივე პირობა, რომელიც დევს შეთანხმებაში, უნდა შესრულდეს. შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან, სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმებას მთლიანად, მას ვერ ექნება ევროპული საქართველოს მხარდაჭერა, - განაცხადა ბაქრაძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმდჯომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას ცეცხლი გაუხსნა, რაზეც მათ პასუხის გაცემა მოუწიათ.
არ მინდა ნიშნის მოგებით ვისაუბრო, უბრალოდ მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ დროულად მოეგოს გონს, ნუ გაამწვავებს ვითარებას. არ იყო ახლა ამ გამწვავების დრო. მოსახლეობა დაზაფრულია კორონავირუსითაც და ეკონომიკური პრობლემებითაც. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გაგვიხსნა ცეცხლი, ჩვენ იძულებულები გავხდით პასუხი გაგვეცა, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებს. მისი განცხადებით სახალხო შეკრება დისტანციურად, წესების დაცვით უნდა მოხდეს.