
ამერიკულ ინვესტიციებს ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის - ამის შესახებ განცხადებას ამერიკული კომპანია "ფრონტერა" ავრცელებს.
"ფრონტერა" საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს, რომელშიც აღნიშნავს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ამერიკულ ბიზნესს მუდმივად ავიწროვებს, რითაც ქვეყანაში მოქმედ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხე ექმნება.
კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ "ფრონტერა" ერთადერთი ამერიკული კომპანია არ არის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დევნის.
თითებზე ჩამოსათვლელია ის კომპანიები, რომლებსაც ეძახიან, რომ ამერიკულია, მაგრამ მართლა რეალურად რომ აქვთ ოფისი აშშ-ში. ასეთი ალბათ ათიც კი არ მოგროვდება. ბოლო ვიზიტი რომ იყო მაღალი რანგის, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ აშშ-ში, სწორედ ამას უმტკიცებდნენ ვაშინგტონში პოლიტიკოსებს, თითქოს, ისეთი გარემოა ამერიკული ინვესტიციებისთვის შექმნილი საქართველოში, რომ სიამოვნებით მუშაობს 276 კომპანია, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, - განაცხადა "ფრონტერას" პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა.
კომპანიების მიზანმიმართულ დევნას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიც ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო ამერიკული ინვესტიციების დაბლოკვისთვის ფასს აუცილებლად გადაიხდის.