კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან

გამოქვეყნდა:

კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს უჩივიან. კრიმინალური სამყაროსთვის კარგად ნაცნობი პირები ილია სამსონია, დავით გერლიანი, რევაზ ლორთქიფანიძე, კახაბერ ორაგველიძე, თემურ გვასალია და გია გიორგაძე სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ამის მიზეზი კი, სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულებაა. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომელბიც წლებია საქართველოში არ ცხოვრობენ მოქალაქეობა ჩამოერთვათ. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში განმარტებულია, რომ ილია სამსონიამ, იგივე "ილიუხამ" სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასაც ეს საფუძველი აქვს.  

ილიუხა სამსონიას  და დავით გერლიანის, იგივე დათო სვანის ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს დასტური, რომ ამ პირებმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. თამარ აბესაძის მტკიცებით, არსებობს მხოლოდ ყალბი პასპორტის მონაცემები, რომლითაც კრიმინალური ავტორიტეტები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობენ და ამის გამო, მათი მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა. 

ექვსივე კრიმინალურმა ავტორიტეტმა ქართულ სასამართლოსთან საქმე უკვე მოაგვარა. თბილისში ისინი  2016-2018 წლებში იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლომ  ისინი ამ მუხლში გაამართლა და ზოგიერთი მათგანი დარბაზიდანვე გაათავისუფლა. მათ საქართველოს ტერიტორია იმ დღესვე დატოვეს.

უკრაინიდან გამოძევებულმა გერლიანმა კი, 2016 წელს ქვეყნის საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ აეროპორტში ტელეკამერის გარდა არავის შეუჩნევია, ან ფაქტზე თვალი შეგნებულად დახუჭეს.

პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების შემდეგ თუ რომელიმე კრიმინალურ ავტორიტეტს  საზღვარგარეთ დააკავებენ, მას საქართველოს ვეღარ გადმოსცემენ, რადგან ქვეყანამ მათთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. კანონიერი ქურდი კახა ორაგველიძე, იგივე კახა ტბილისსკი 1 მარტის შემდეგ უკრაინის იზოლატორში იმყოფება. მეგობარი სახელმწიფოს ძალოვნებმა  ვერ გაიგეს, სად უნდა გაუშვან ძებნილი პირი, რომელსაც ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეობაც აღარ აქვს. 

ბოლო წლებში ქართველი ძალოვნები სხვა ქვეყანაში დაკავებული ქურდების ექსტრადირებას მხოლოდ ფორმალურად ითხოვდნენ და სრულ დოკუმენტაციას მეგობარ ქვეყნებს არ უგზავნიდნენ. როგორც ჩანს, მათი ციხეში ჩასმისგან ქართული ოცნების ხელისუფლება თავს იკავებს, თუმცა თუ კრიმინალურ ავტორიტეტებთან  დაკონტაქტება და მათი დახმარება დასჭირდებათ, არც ეს იქნება პრობლემა. გოგა ხაინდრავას ბავშვობის მეგობარ კანონიერ ქურდს რეზო ტბილისკის საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს, თუმცა სავარაუდოა, რომ როგორც მას, ისე სხვა კანონიერ ქურდებსაც საქართველოში შემოსვლა ყალბი პასპორტით არ გაუჭირდებათ

კანონიერმა ქურდებმა ილიუხა სამსონიამ და დავით სვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. დოკუმენტაციასა და მინდობილობას ადვოკატს დისტანციურად გამოუგზავნიან და საქმის განხილვაც დაიწყება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი