საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს ოპოზიციაში აფასებენ და ამბობენ, რომ ასეთ მოკლე შუალედში აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების ქვეყანაში ჩამოსვლა, ნიშნავს, რომ ამერიკის ყურადღება საქართველოსთან მიმართებაში მაღალია.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ რიკერთან შეხვედრისას მთავარი თემა საქართველოში რუსეთის გავლენების გაძლიერება, ეკონომიკური კრიზისი, შარლ მიშელის დოკუმენტი და ამნისტიის კანონპროექტი იქნება.
"საბედნიეროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რაც ხდება საქართველოში. ხედავენ როგორ გაიზარდა რეგიონში რუსეთის გავლენა და კონკრეტულად საქართველოში და ეს მოხდა ქართული ოცნების შეგნებული და მიზანმიმართული პოლიტიკის გამო",- ამბობს ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი.
"მნიშვნელოვანია, რომ ის ჩამოდის წინასაარჩევნო პერიოდში. ის კარგად იცნობს საქართველოს, იცნობს პრობლემატიკას. დარწმუნებული ვარ, მისი გზავნილები იქნება მკაფიო და როცა საჭიროა კრიტიკულიც",-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი.
"მაღალი დონის შეხვედრები, მოკლე შუალედში შეერთებული შტატების მაღალ თანამდებობის პირებთან, ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება საქართველოსთან მიმართებაში მაღალია",-ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
"ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგში უდგას კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ ტექტონიკური გამოწვევების წინაშე, როგორც რეგიონალურ ისე შიდა პოლიტიკურ კონტექსტში",-ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი თქვა კახაბერ ქემოკლიძე.
ფილიპ რიკერი საქართველოში დღეს ჩამოდის. ხვალიდან ის შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციის წევრებთან.
რიკერის ვიზიტამდე ქვეყანაში შეერთებული შტატების სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი იმყოფებოდნენ.
რიკერი საქართველოს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ეწვევა, ამის შემდეგ კი ვიზიტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართავს.